იაგო ხვიჩია - მაგიდაზე უნდა იდოს ისეთი წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის გათავისუფლებაში
იაგო ხვიჩია - მაგიდაზე უნდა იდოს ისეთი წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის გათავისუფლებაში

თავიდანვე ვამბობდი, რომ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ჩვენ 12-პუნქტიანი გეგმა შევასრულოთ და მიხეილ სააკაშვილი ციხეში იჯდეს. იქიდან გამომდინარე, რომ 12-პუნქტიანი გეგმა აგებული იყო კონსენსუსზე და ყველა მოგვიწოდებდა, რომ თქვენ ეს პუნქტები კონსენსუსის შედეგად უნდა შეასრულოთო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის მიერ ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და მირიამ ლექსმანი.

იაგო ხვიჩიას თქმით, მაგიდაზე უნდა იდოს ისეთი ტიპის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის გათავისუფლებაში და ევროპარლამენტის დოკუმენტში „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ რაღაც ტიპის დათმობები წერია.

„სახალხო დამცველთან შეთანხმების პროცესი ამიტომ იწელება, რომ ფიზიკურად უხერხული გამოდის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის დროს რაღაცაზე შეთანხმდნენ.​ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაგიდაზე უნდა იდოს ისეთი ტიპის წინადადება, რომელიც ხელს შეუწყობს „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში და რაღაც თვალსაზრისით, „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ რაღაც ტიპის დათმობები წერია ევროპარლამენტის დოკუმენტში. ეს ვიდრე არ დაიდება, მხოლოდ ჯანდაცვის არგუმენტით ლაპარაკი, მიუხედავად დიდი პატივისცემის ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ არგუმენტით ლაპარაკობს, არ მგონია საკმარისი ამ პროცესის წარმატებით დასაძლევად.

პირველ რიგში, ჯერ მართლა უნდა გვინდოდეს ევროინტეგრაცია და ეს თუ გვინდა, მერე უნდა ვიქცეოდეთ შედარებით ევროპულად. სულ მცირე, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა დავიწყოთ. ეს სიგიჟე, რაც ახლა პოლიტიკურ სპექტრშია მოწყობილი, დისკუსიაში უნდა გადავიდეს და არა ხელების გადაგრეხვაში, ეს ცალსახაა. მეგობარს შენთვის კარგი რომ უნდოდეს და სადღაც უნდოდეს შენი დაწინაურება, შენი გამოსწორება ამ მიმართულებით ასე უნდა სცადოს. პრობლემა არის არა კრიტიკა, არამედ ლანძღვა-გინება, როდესაც შენ საპასუხო არგუმენტებს არც უსმენ და არც იღებ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.