იაგო ხვიჩია - კარგია, რომ ჩვენ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში არ აღმოვჩნდით, მაგრამ იყო კრიტიკული ნაწილიც, რომ საქართველო არ უერთდება სანქციების ნაწილს მაინც
იაგო ხვიჩია - კარგია, რომ ჩვენ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში არ აღმოვჩნდით, მაგრამ იყო კრიტიკული ნაწილიც, რომ საქართველო არ უერთდება სანქციების ნაწილს მაინც

კარგია, რომ ჩვენ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში არ აღმოვჩნდით, მაგრამ ნაკლებად მგონია, რომ ეს უზარმაზარ პოზიტიურ გავლენას მოიტანს ქვეყნისთვის, რადგან ამ ხალხმა თქვა კრიტიკული ნაწილიც, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს ან სანქციების ნაწილს მაინც, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჯიმ ო’ბრაიენის, კუმარ აიერისა და დევიდ ო’სალივანის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, საქართველოში მათი ვიზიტი უფრო ტექნიკური იყო და არა – პოლიტიკური.

„ეს ადამიანები ჩამოვიდნენ, არ შეხვედრიან არც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და მათი ვიზიტი რაღაც თვალსაზრისით არ ყოფილა პოლიტიკური. ეს იყო ტექნიკური ვიზიტი იმ ხალხის მიერ, რომლებსაც ევალებათ, თვალყური ადევნონ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების შესრულებას. შესაბამისად, მათ საჭიროდ არ მიიჩნიეს, ეთქვათ იმაზე მეტი, რაც თქვეს. კარგია, რომ ჩვენ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში არ აღმოვჩნდით, მაგრამ ახლა რომ გითხრათ, ეს უზარმაზარ პოზიტიურ გავლენას მოიტანს ქვეყნისთვის, ნაკლებად მგონია, რადგან ამ ხალხმა თქვა კრიტიკული ნაწილიც და გულისწყვეტა იმაზეც, რომ საქართველო არ უერთდება სანქციებს ან სანქციების ნაწილს მაინც. ეს არ არის ქვეყანაში მთავარი თემა, არც გუშინ ყოფილა და არც დღეს არ არის“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება კითხვას, – „ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თუ არა უხერხულობა შავ ხვრელზე მტკიცებით ფორმაში გაკეთებული განცხადებების გამო?“ – ხვიჩია პასუხობს: „უხერხულობა უნდა ჰქონდეს თუ არა, ეს შინაგანი პროცესია. ადამიანის თავში იხარშება, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი არ მაქვს სათქმელი, რადგან აქამდე ლოგიკურად ვერ დავასკვენი, რაზე ექმნებათ უხერხულობა ჩემს კოლეგებს და რაზე – არა“.

საქართველოს 26 ივნისს ეწვივნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.

ვიზიტის ფარგლებში, ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“. ამასთან, კუმარ აიერის თქმით, მადლობელი არიან „ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთისთვის“.

ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“. ამასთან, დევიდ ო’სალივანმა განაცხადა: „საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები და, შესაძლოა, ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, თუმცა ასევე გვესმის სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც ის იმყოფება“.