იაგო ხვიჩია - ჯარში მიდიან ბავშვები, რომლებსაც 2000 ლარი არ აქვთ და, რომელთა მშობლებსაც თანამდებობის პირი მეგობრები არ ჰყავთ 
იაგო ხვიჩია - ჯარში მიდიან ბავშვები, რომლებსაც 2000 ლარი არ აქვთ და, რომელთა მშობლებსაც თანამდებობის პირი მეგობრები არ ჰყავთ 

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა ამორალურია.

მისი თქმით, „გირჩის“ წევრები დეპუტატებზე საზოგადოებრივი და მორალური ზეწოლის საშუალებით ეცდებიან, რომ პარლამენტს აღნიშნული კანონპროექტის მიღების საშუალება არ მისცენ და ადამიანთა თანასწორუფლებიანობა დაიცვან.

„ჩვენ არ გვაქვს ზეწოლის მექანიზმები, პარლამენტში არ ვართ წარმოდგენილი, არ გვყავს უმრავლესობა ან უმცირესობა, მაგრამ ვართ მართლები. შესაბამისად ვაპირებთ, საკუთარი სიმართლის დემონსტრირებას ყველანაირი ფორმებით. არა მხოლოდ აწმყოში, არამედ მომავლისთვისაც“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„გირჩის“ თავმჯდომარის თქმით, რელიგიური გაერთიანება „ბიბლიური თავისუფლება“ ფინანსურად შეჭირვებულ ახალგაზრდებს ჯარში სავალდებულო გაწვევისგან იცავს, რადგან მისივე შეფასებით, სამხედრო სამსახურში სათანადო პირობები არ არის.

ხვიჩიას განცხადებით, რელიგიური ორგანიზაციის წევრებისთვის სამხედრო სამსახურის გადავადების მომსახურების საფასური ნებაყოფლობითი და მიზერულია.

„ჩვენ გამოვაქვეყნეთ მთავრობის წევრების სია, რომლებსაც ჰყავდათ შვილები ჯარის ასაკის, 18-27 წლამდე და საკუთარი შვილები ჯარში არ წაუყვანიათ. თუ ჯარი კარგი იყო, რატომ არ წაიყვანეს საკუთარი შვილები. ჯარში დადიან უპატრონო ბავშვები, რომლებსაც 2000 ლარი არ ჰქონდათ და ბავშვები, რომელთა მშობლებსაც არ ჰყავთ მეგობრები თანამდებობის პირებში, რომ ჯარი აარიდონ, როგორც ამას დეპუტატები და სხვა თანამდებობის პირები აკეთებენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. მისი თქმით, ზოგიერთი ორგანიზაცია არასწორად და არასამართლიანად იყენებდა აღნიშნულ ნორმას, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნა.