იაგო ხვიჩია - ევროპარლამენტარები ქართველ ამომრჩევლებს გვეუბნებიან, ხალხო, გაიხედეთ ამ ორი კაცის იქითაც
ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი და შეწყვიტონ კულისებიდან მართვა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რჩევა ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გაითვალისწინოს.
„ჩემი აზრით, ეს არის ისეთი ტიპის გზავნილი, სადაც მთელ მსოფლიოს შენ ეუბნები, რომ ქვეყანაში რეალურად არავინ არ არის და ქვეყანას მართავენ, გინდ ოპოზიციური, გინდ ხელისუფლების მხრიდან ადამიანები, რომლებიც ფორმალურად ამ საქმეში არ არიან ჩაბმულები. ეს გზავნილია და ეს არის რჩევა. ჩემი აზრით, ქართველი პოლიტიკოსები ამას ვერ გაიგებენ, მაგრამ ეს არის რჩევა ქართველი ამომრჩევლის მიმართ. ჩვენ, ამომრჩევლებს გვეუბნებიან, ხალხო გაიხედეთ ამ ორი კაცის იქითაც“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროდეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა და ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა. ამასთან, ევროდეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა.