იაგო ხვიჩია - არახამია წარმოშობით ამ ქვეყნის შვილია და უფლება აქვს, რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს, ვერავის აუკრძალავ, ხელისუფლების ცვლილებაზე ოპტიმისტური წარმოდგენები ჰქონდეს
იაგო ხვიჩია - არახამია წარმოშობით ამ ქვეყნის შვილია და უფლება აქვს, რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს, ვერავის აუკრძალავ, ხელისუფლების ცვლილებაზე ოპტიმისტური წარმოდგენები ჰქონდეს

„გირჩის“ ლიდერის, იაგი ხვიჩიას განცხადებით, დავით არახამია წარმოშობით ქართველია და აქვს უფლება, საქართველოში რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს.

იაგო ხვიჩიას კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ ინტერვიუს დროს გაკეთებულ განცხადებაზე, რომ დარწმუნებულია, საქართველოში არჩევნების შემდეგ ეს მთავრობა აღარ იქნება ხელისუფლებაში.

ხვიჩიას თქმით, ვერავინ ვერავის აუკრძალავს, ხელისუფლების ცვლილებასთან მიმართებით ოპტიმისტური წარმოდგენები ჰქონდეს.

„არახამია წარმოშობით ამ ქვეყნის შვილია და მას აქვს უფლება, ამ ქვეყანაში რაღაცას პოლიტიკურად გულშემატკივრობდეს. ნაკლებად მჯერა, რომ თუ ხელს არ გავანძრევთ, რამე მოხდება, მაგრამ ზოგადად, წარმოდგენა, რომ ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, ოპტიმისტურია და ვერავის აუკრძალავ, ოპტიმისტური წარმოდგენები ჰქონდეს. ეს თავისით არ მოხდება, ამ ნაწილში მაქვს უფრო კითხვები. მინდა, მჯეროდეს, მაგრამ ეს არ მოხდება იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ოპოზიციაა. რამე სხვა უნდა მოხდეს ქვეყანაში და ეს სხვა ჩვენი გასაკეთებელია. სურვილი, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, მარტო არახამიას არ აქვს, ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ბევრს უნდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიამ შეაფასა არახამიას მიერ ინტერვიუს დროს გაკეთებული განცხადების კიდევ ერთი ნაწილი, სადაც ის ჟურნალისტ ნიკა გვარამიას გათავისუფლების საკითხზე საუბრობს.

„მგონი, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მეგობარი ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდეს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა: „ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ჟურნალისტია. თუ მას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს“.