დავით არახამია - ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ჟურნალისტია, თუ მას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს
დავით არახამია - ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ჟურნალისტია, თუ მას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს

თუ ნიკა გვარამიას გაათავისუფლებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და თბილისში ელჩის გაშვებას სთხოვს, – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჟურნალისტის ჩასმა ციხეში წარმოუდგენელია. მით უმეტეს, თუკი ქვეყანას აქვს ევროპული ამბიცია. თუკი წახვალთ ბრიუსელში, სტრასბურგში და ახსენებთ ნიკა გვარამიას საქმეს, ევროპელ მაღალჩინოსნებს აღარ უჩნდებათ სურვილი, საქართველოს მთავრობის წევრებს ხელი ჩამოართვან. საქართველოს მთავრობას უნდა, წარმოაჩინოს, თითქოს მათ პატივს სცემენ პარტნიორები, მაგრამ ეს ასე არ არის, როგორც კი სადილზე ან არაფორმალურ ვითარებაში ხვდები ამ ადამიანებს, გაოგნებულები არიან ნიკას ისტორიით“, – განაცხადა დავით არახამიამ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტისგან იყო დაპირება, რომ შეიწყალებდა ნიკა გვარამიას.

„ვფიქრობდით, ის საფრანგეთის მოქალაქეა და იქნებ გადაედგა პროევროპული ნაბიჯი, მაგრამ არა. მოკლედ რომ შევხედოთ და შევაჯამოთ, რა არის ძალიან პრობლემატური – პირველ ადგილზეა აგენტების კანონი, მეორე ადგილზეა ნიკა გვარამიას პატიმრობა. არ შეიძლება, ჟურნალისტი იყოს ციხეში. ეს გაუგონარია“, – აღნიშნა დავით არახამიამ.

კითხვაზე, რა შემთხვევაში დააბრუნებს უკრაინა საქართველოში თავის ელჩს, დავით არახამიამ განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯი გვარამიას გათავისუფლება იქნება.

„პირველი ნაბიჯი იქნება ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ნიკა გვარამია პოლიტიკოსი არ არის, ის ჟურნალისტია. და თუკი მას ციხიდან გამოუშვებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა ჩემს პრეზიდენტთან და ვთხოვ, რომ გავუშვათ ელჩი თბილისში“, – განაცხადა არახამიამ.