იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ შეხვედრა დაიგეგმოს
იაგო ხვიჩია არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ შეხვედრა დაიგეგმოს

უნდა ვიცნობდეთ „ქართულ ოცნებას“, გავიგოთ, ზოგადად რა უნდათ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც აქამდე ოპოზიციას ესაუბრებოდნენ, მსგავსად უნდა მოიქცნენ „ქართულ ოცნებასთანაც“.

„როგორც ოპოზიციაში ვიცნობდით კოლეგებს და ველაპარაკებოდით იმის მიუხედავად, მოგვწონდა თუ არა, იგივეა გასაკეთებელი „ქართულ ოცნებაში“. უბრალოდ, ვიცნობდეთ ამ ადამიანებს, გავიგოთ, რა უნდათ ზოგადად, ჩვენ რა გავლენა შეიძლება მოვახდინოთ მაშინ, როცა მათ სურვილები არ მოგვეწონება. სულ ცოტა, უნდა ვიცნობდეთ ამ ადამიანებს. აქამდე რომ არ ვაკეთებდით ამას, შეცდომა იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა „გირჩისა“ და „ქართული ოცნების“ შეხვედრა, იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ ალბათ დაიგეგმება.

„ალბათ დაიგეგმება და შედგება კიდეც, უბრალოდ ახლა სხვა პროცესში ვართ“, – აღნიშნა მან.

გუშინ კი „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გაცნობა და მასთან მომავალზე საუბარი სურს.