იაგო ხვიჩია - 9 აპრილი სხვა ხალხის დღეა, ამ თარიღისთვის მიტინგის დამთხვევას დიდი გამბედაობა სჭირდება, 9 აპრილის აქცია ცალსახად დატვირთული იქნება სააკაშვილის პატიმრობის თემით
იაგო ხვიჩია - 9 აპრილი სხვა ხალხის დღეა, ამ თარიღისთვის მიტინგის დამთხვევას დიდი გამბედაობა სჭირდება, 9 აპრილის აქცია ცალსახად დატვირთული იქნება სააკაშვილის პატიმრობის თემით

9 აპრილი დიდი ხანია, სხვა ადამიანებს ეკუთვნით, ამ თარიღისთვის მიტინგის დამთხვევას დიდი გამბედაობა სჭირდება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზე.

„აქციის ქუჩაში გატანას აზრი აქვს, თუ გაქვს იდეა, რაში გჭირდება ხალხის დახმარება და ამ დახმარებას თხოულობ, მაგრამ 9 აპრილს მიშა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ჩატარებული მიტინგის ნაკლებად მჯერა, რადგან ამისთვის, სულ მცირე, სხვა დღე უნდა აირჩიო. ის, რაც საქართველოში 9 აპრილს ქმნის, განსხვავდება იმისგან, რაც დღეს ქვეყანაში რჩება. აქედან გამომდინარე, 9 აპრილი სხვა ხალხის დღეა და ეს დღე დიდი ხანია, სხვა ადამიანებს ეკუთვნით. ამ თარიღისთვის მიტინგის დამთხვევას დიდი გამბედაობა სჭირდება.

9 აპრილის აქცია ცალსახად დატვირთული იქნება სააკაშვილის პატიმრობის თემით. ლეგიტიმურია, „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის პატიმრობას აპროტესტებდეს, მაგრამ ჩემთვის პრობლემა ისაა, უფრო აქტიურად რატომ არ იქცევიან, რატომ არავისგან სჭირდებათ მართლა დახმარება და პარტიებს შორის პოლიტიკურ კონსენსუსზე რატომ არ ფიქრობენ. ეს მაფიქრებინებს, რომ მათი მოქმედებები „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულია. ამას საპატიოდ ჩავთვლიდი, თუ ეს სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ ხდება, მაგრამ თუ ამისთვის არ ხდება, მაშინ სააკაშვილიც მალე მიხვდება, რომ ისინი „ქოცებთან“ შეკრული არიან“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 14 მარტს მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ.

ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოქმედება, რათა ხელისუფლებამ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შეასრულოს. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას 9 აპრილამდე აძლევენ დროს, რათა ანახონ საზოგადოებას, რომ იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას.