ია მეტრეველი - ლევან ლობჟანიძეს სამჯერ აქვს ჩვენება შეცვლილი, ეს მოწმე დასაჭერია და ალბათ საქმე აღიძრება მასზე
ია მეტრეველი - ლევან ლობჟანიძეს სამჯერ აქვს ჩვენება შეცვლილი, ეს მოწმე დასაჭერია და ალბათ საქმე აღიძრება მასზე

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი აცხადებს, რომ გრიგოლ ბაშალეიშვილის დაცვის მხარის მიერ დღეს წარმოდგენილ მოწმეს, ყოფილ პატრულ-ინსპექტორ ლევან ლობჟანიძეს ჩვენება სამჯერ აქვს შეცვლილი.

„ეს იყო მოწმე, რომელიც ბაშალეიშვილთან ერთად იყო მანქანაში და სამჯერ აქვს ჩვენება შეცვლილი. ამბობდა სიცრუეს და კარგად აჩვენა მაშინდელი ზონდერების სახე. ეს მოწმე დასაჭერია და ალბათ საქმე აღიძრება მასზე. მოვითხოვ დანარჩენი პატრულების პასუხისგებაში მიცემას, რომლებიც არ არიან დაკავებულები და უწყებებში მუშაობენ“, – აღნიშნა ია მეტრეველმა.

ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის თქმით, ლევან ლობჟანიძემ 2005 წელს უთხრა, რომ ბუტა რობაქიძეს და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს იარაღი არ ჰქონიათ.

„2006 წელს, „ნაციონალების“ დროს სასამართლოს გარეთ ვიდექი. ლობჟანიძე მოვიდა და მითხრა, იარაღი არ იყოო. ორჯერ მისცა ჩვენება იარაღი არ ყოფილაო. მანქანიდან ლობჟანიძეზე ადრე ბაშალეიშვილი გადავიდა, რომელმაც ბუტას ესროლა და აღიარა, იარაღი არ ყოფილაო. ჯერ ბავშვი მოკლეს და მერე დაუწყეს იარაღს ძებნა. დონაძე 2005 წელს ინტერვიუში ამბობს, ბუტა რობაქიძე რომ მოკლეს, საერთოდ თბილისში არ ვიყავიო. თუ არ იყო, დღეს რას ლაპარაკობს. რამდენი ტყუილი დავუჭირეთ. გეფიცებით, მუხლებზე დავდგები. ჩემი შვილის საფლავს ვფიცავარ, ამ კაცმა მითხრა, ტყუილად მოკლეს შენი შვილი, იქ იარაღი არ ყოფილაო.
ხალხო, ოთხი მასრაა ამოღებული. ორია ბაშალეიშვილის. ორი სროლა გავარდნაა? ორი მასრა აქვს ამ კაცს ნასროლი“, – განაცხადა რობაქიძემ.

რობაქიძე ასევე გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს დერეფანში ზვიად კუპრავასთან დღეს მომხდარ დაპირისპირებას.

„კუპრავა რატომ იმ მოწმეების დროს არ მოვიდა, როცა ჩემი მხრიდან მოწმე დაკითხეს? ახლა იმიტომ მოვიდა, თქვას, ნახეთ, რა ხდებაო. ეს ავანტიურისტი. ეს ზონდერი. ზვიად კუპრავა დედას გიტირებ. შენ ვაჟკაცი ყოფილიყავი, დღეს გარეთ გამოხვიდოდი. ვირთხასავით გაგაპარეს. სანამ ეს ხალხი გვერდით უდგას ვინმეს, არავის არაფერი გამოუვა“, – განაცხადა რობაქიძემ.

სოსო რობაქიძესა და ზვიად კუპრავას შორის დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში მოხდა. სოსო რობაქიძემ ზვიად კუპრავას „ზონდერი“ უწოდა. როგორც ინციდენტის შემდეგ ზვიად კუპრავამ განაცხადა, სოსო რობაქიძე უმიზეზოდ დაესხა თავს და ეს პროვოკაცია იყო, რადგან გირაოს ქვეშ არის.

დატოვე კომენტარი