ზვიად კუპრავა - სოსო რობაქიძე უმიზეზოდ დამესხა თავს, ეს იყო პროვოკაცია, რადგან მე ვარ გირაოს ქვეშ
გამოვედი სასამართლო პროცესიდან და ამ დროს სოსო რობაქიძე აბსოლუტურად უმიზეზოდ, უმოტივოდ დამესხა თავს. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, ვინაიდან მე ვარ გირაოს ქვეშ, – ამის შესახებ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ განაცხადა.
მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის დღევანდელ სხდომაზე, სადაც გრიგოლ ბაშალეიშვილის დაცვის მხარის მოწმეს, ყოფილ პატრულ-ინსპექტორ ლევან ლობჟანიძეს კითხავდნენ, სოსო რობაქიძემ მოწმეზე ზეწოლა განახორციელა.
„მოწმის დაკითხვის პერიოდში სოსო რობაქიძემ განახორციელა მუქარა მოწმეზე, კერძოდ, დაემუქრა მას ჩვენების შემდეგ. მოწმემ თქვა, რომ როდესაც მივიდა შემთხვევის ადგილზე, დახვდა იარაღები და რამდენიმე წამში შეამჩნია მანქანაში იარაღები. ამის შემდეგ სოსო რობაქიძე დაემუქრა მოწმეს, რომ ის გამოვიდოდა გარეთ და შესაბამისად გაუსწორდებოდა ამ სიტყვებისთვის, რა სიტყვებიც მან ილაპარაკა. მე აბსოლუტურად არავითარი კომუნიკაცია ამ პიროვნებასთან არ მქონია არც დღის განმავლობაში და თითქმის არც არასოდეს“, – აღნიშნა კუპრავამ.
მისი თქმით, დღევანდელ პროცესს ესწრებოდა, თუმცა აქციაზე წასვლის მიზნით, სხდომიდან გამოვიდა, რა დროსაც სოსო რობაქიძე დაუპირისპირდა.
„ვინაიდან მივდივარ რუსთაველზე, ვაპირებდი აქციაზე წასვლას, გამოვედი სასამართლო პროცესიდან და ამ დროს სოსო რობაქიძე აბსოლუტურად უმიზეზოდ, უმოტივოდ დამესხა თავს. გასაგებია ყველაფერი, ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია, ვინაიდან მე ვარ გირაოს ქვეშ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით ცდილობენ ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას, რის შედეგადაც იცვლება აღკვეთის ღონისძიება. ეს იყო ამ კაცის მიზანი, პირდაპირ პროვოკაციის მოწყობა. სოსო რობაქიძემ ძალიან კარგად იცის რომ გირაოს ქვეშ ვარ, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ აღკვეთის ღონისძიება მაქვს შეფარდებული და სწორედ აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლას ემსახურებოდა დღევანდელი პროვოკაცია და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც იქნება“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
კუპრავას თქმით, ინციდენტის დროს საპატრულო პოლიცია თავად გამოიძახა.
„მოვითხოვ შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეივსოს სოსო რობაქიძის სახელზე და მას ადმინისტრაციულად აგებინონ პასუხი. აბსოლუტურად უმოტივაციო იყო ეს იყო პროვოკაცია, დადგმული პროვოკაცია. არანაირი კომუნიკაცია მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში იყო აჟიოტაჟი და აყალმაყალი, ყველა რაღაცას იძახოდა, ხმა არ ამომიღია როგორც წესია, სასამართლოს დარბაზში მყოფ პირებს ეკრძალებათ ლაპარაკი. ბუნებრივია, მე ვემორჩილებოდი სასმართლოს ამ შინაგანაწესს“, – განაცხადა კუპრავამ.
საქალაქო სასამართლოში სოსო რობაქიძესა და ზვიად კუპრავას შორის დაპირისპირება მოხდა. სოსო რობაქიძემ ზვიად კუპრავას „ზონდერი“ უწოდა.