ჰუბერტ ქნირში - უკრაინელებისგან განსხვავდება რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულების სიტუაცია, მაგრამ ტრაგიკული იქნებოდა, თუ მათ თავს დაესხმებიან იმის გამო, რომ სჭირდებათ ვინმე, ვისაც აჩვენებენ სიბრაზეს პუტინის მიმართ
უკრაინელებისგან განსხვავდება რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულების სიტუაცია, მაგრამ ტრაგიკული იქნებოდა, თუ მათ თავს დაესხმებიან იმის გამო, რომ სჭირდებათ ვინმე, ვისაც აჩვენებენ სიბრაზეს პუტინის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
გერმანიის ელჩმა უპასუხა შეკითხვას ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ და კომენტარი გააკეთა საკითხზე, არის თუ არა ამ თემაზე საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმული შეშფოთებები საფუძვლიანი; ასევე, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით.
„რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ამ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში გაივლის, დაინახავს, რომ აქ არის ბევრი რუსი, ცალ-ცალკე, ოჯახები, ახალგაზრდების ჯგუფები. შეიძლება, მათი რიცხვი ბევრად არ აღემატება წინა წლის მონაცემებს, მაგრამ ამჯერად ეს არიან მეტწილად არა ტურისტები, არამედ ადამიანები, რომლებიც ტოვებენ თავიანთ ქვეყანას, რადგან ხედავენ, რომ ვეღარ ცხოვრობენ პუტინის რუსეთში, რომ იქ აღარ აქვთ მომავალი, რომ იქ არის პოლიტიკა, რომელიც მათ წარსულში დააბრუნებს. ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირისკენ და, რომელსაც ისეთი ღირებულებები აქვს, როგორც საქართველოს, სადაც სტუმართმოყვარეობას დიდად აფასებენ, ნამდვილად მიიღებს ასეთ ადამიანებს, მისცემს მათ საშუალებას, საქართველოში ჩამოსვლის, აქ რაღაც პერიოდით ცხოვრების. მათი სიტუაცია, რა თქმა უნდა, განსხვავდება უკრაინელების სიტუაციისაგან, მაგრამ ტრაგიკული იქნებოდა, თუ საქართველოში რუსეთიდან შემოსულ ამ ადამიანებს ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან თავს დაესხმება იმის გამო, რომ სჭირდება ვინმე, ვისაც აჩვენებს თავის სიბრაზეს პუტინისა და მისი პოლიტიკის მიმართ. მე მგონია, კარგი იქნება, რომ საქართველოში შემოუშვან ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად საქმიანობდნენ რუსეთში პუტინის წინააღმდეგ პოლიტიკაში თუ კრიტიკულ მედიაში, უფლება მისცენ მათ, საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ არ უნდა იყოს პრობლემები. ევროპული ქვეყნები, ევროკავშირის ასოცირებული სახელმწიფოები იღებენ პოლიტიკურ დევნილებს და ამაზე სრული თანხმობა არსებობს“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.