ჰოლანდმა ისევ გაიტანა და „ბორუსიამ“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა
ჰოლანდმა ისევ გაიტანა და „ბორუსიამ“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა

დორტმუნდის „ბორუსიამ“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ საკუთარ მოედანზე 4:0 დაამარცხა და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდა.

კვლავ გაიბრწყინეს დორტმუნდელთა 19 წლის თავდამსხმელებმა – ჯეიდონ სანჩომ და ერლინგ ჰოლანდმა, რომლებმაც ამ მატჩში თითო გოლი გაიტანეს და ამას თითო ლუკაშ პიშჩეკმა და რაფაელ გერეირომ დაუმატეს.

ჯეიდონ სანჩომ ბოლო 14 მატჩში მეთორმეტე გოლი გაიტანა, ერლინგ ჰოლანდმა კი, მას შემდეგ, რაც „ბორუსიას“ რიგებში ჩაირიცხა, ექვს თამაშში მეტოქის კარი ცხრაჯერ აიღო.

„ბორუსია“ ახლა ერთპიროვნულ ლიდერ მიუნხენის „ბაიერნს“ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ამ უკანასკნელს ერთი მატჩი თადარიგში აქვს, რომელსაც კვირას, 16 თებერვალს, „კიოლნთან“ სტუმრად ჩაატარებს.