ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდში“ გადასვლაზე - თითქოს შინ დავბრუნდი #1TVSPORT
ჯეიდონ სანჩო „დორტმუნდში“ გადასვლაზე - თითქოს შინ დავბრუნდი #1TVSPORT

ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯეიდონ სანჩომ კომენტარი გაუკეთა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „დორტმუნდის“ რიგებში დაბრუნებას.

„როცა დღეს გასახდელში შევედი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს შინ დავბრუნდი. ვიცნობ კლუბს შიგნიდან, ყოველთვის ახლოს ვიყავი გულშემატკივრებთან და არასოდეს დამიკარგავს კავშირი კლუბში მომუშავე ადამიანებთან.

მოუთმენლად ველოდები პარტნიორებთან შეხვედრას, ღიმილით ფეხბურთის თამაშს, პასების დარიგებას, გოლების გატანასა და კლუბისთვის დახმარებას“, – მოჰყავს ინგლისელი ფეხბურთელის სიტყვები „დორტმუნდის“ ოფიციალურ ვებგვერდს.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად გამოაცხადა ჯეიდონ სანჩოს დაბრუნების შესახებ. „დორტმუნდი“ დათანხმდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირობებს. კერძოდ, სანჩო გერმანელთა რიგებში სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს და „დორტმუნდს“ არ ექნება ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის სანჩო „დორტმუნდში“ 2017-21 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა 85 მილიონ ევროდ. გასული წლის აგვისტოდან მოყოლებული, სანჩო არ თამაშობდა „იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელთან, ერიკ თენ ჰაგთან კონფლიქტის გამო.