გერმანიისა და ჰოლანდიის მატჩში ირკვეოდა ერთა ლიგის ფინალური ტურნირის ბოლო მონაწილე. ჰოლანდიელებს ფრეც ჰყოფნიდათ ნახევარფინალში გასასვლელად, გერმანია კი ნებისმიერ შემთხვევაში ვარდებოდა B ლიგაში.
მიუხედავად ამისა, მასპინძლებს გადაწყვეტილი ჰქონდათ კარის გაჯახუნება და, ჩავარდნილი 2018 წლისთვის, გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია სურდათ. უკვე მე-8 წუთზე ტიმო ვერნერმა და მე-18 წუთზე ლეროი სანემ ლიოვის გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანეს.
85-ე წუთამდე გერმანელები უფრო ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, ვიდრე ჰოლანდიელები – სასურველ აგარიშთან. მეტიც, პირველი ტაიმის ბოლომდე რონალდ კუმანის გუნდს ერთი შანსიც არ ჰქონია.
მაგრამ ყველაფერი ერთმა მომენტმა შეცვალა: 85-ე წუთზე ქუინსი პრომესმა შემობრუნებით შესანიშნავი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ჰოლანდია დიდი ძალებით წავიდა წინ და 91-ე წუთზე მათი მონდომება ვირჯილ ვან დეიკის გოლით დასრულდა.
2:2-ის წყალობით, ჰოლანდია ერთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. გუნდმა, რომელმაც გამოტოვა ევრო 2016 და მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატი, ჯგუფში გაუსწრო მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონს – გერმანიასა და საფრანგეთს.