ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.
პირველი ვარსკვლავის სტატუსი „ვანკუვერის“ ფორვარდმა ელიას პეტერსონმა მიიღო. ის გასული კვირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – ოთხ მატჩში 9 ქულა (3+6) დააგროვა. 20 წლის შვედი, რომელიც შარშან სეზონის საუკეთესო ახალბედა იყო, ზედიზედ შვიდი მატჩია მოედანს უქულოდ არ ტოვებს.
მეორე ვარსკვლავად „ვაშინგტონის“ ფორვარდი იაკუბ ვრანა დასახელდა. ხუთი გოლით ის გასული შვიდი დღის საუკეთესო სნაიპერი იყო, სულ კი სამ მატჩში 6 ქულა (5+1) მიითვალა. ვრანამ ყველაზე მეტად „კალგარისთან“ ანგარიშით 4:2 მოგებულ მატჩში გამოიჩინა თავი, როცა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამ მომენტისთვის, 23 წლის ჩეხის შედეგიანი სერია ცხრა მატჩს უტოლდება.
კვირის მესამე ვარსკვლავი „ედმონტონის“ მეკარე მაიკ სმიტი გახდა. მან ორიდან ორი მატჩი მოიგო, საშუალოდ 0.98 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 97.4 პროცენტი მოიგერია. საუკეთესო მატჩი 37 წლის მეკარემ „პიტსბურგის“ წინააღმდეგ ჩაატარა, როცა 51 დარტყმა მოიგერია.