ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის სამი საუკეთესო მოთამაშე დაასახელა.
პირველ ვარსკვლავად „ბოსტონის“ ფორვარდი დავიდ პასტრნაკი აირჩიეს, რომელიც ბოლო შვიდ დღეში გოლებისა (7) და ქულების (9) რაოდენობით ლიგის ლიდერი იყო.
ჩეხმა საუკეთესო მატჩი „ანაჰაიმის“ წინააღმდეგ ჩაატარა – „ბოსტონმა“ 4:2 მოიგო და ოთხივე გოლი პასტრნაკის ანგარიშზე იყო. ცხრა შაიბით სნაიპერებს შორის ის ლიგის ლიდერია.
კვირის მეორე ვარსკვლავი „ვაშინგტონის“ მცველი ჯონ კარლსონი გახდა, რომელმაც ოთხ მატჩში რვა ქულა დააგროვა. 29 წლის ამერიკელი ლიგის ლიდერია პასებისა (15) და ქულების (18) რაოდენობით. აქამდე ლიგის ისტორიაში სეზონის საწყის 10 მატჩში ამდენი ქულა მხოლოდ ორ მცველს ჰქონდა – ბობი ორს (ორჯერ) და პოლ კოფის. ჯონ კარლსონი ზედიზედ შვიდი მატჩია მოედანს უქულოდ არ ტოვებს.
მესამე ვარსკვლავის სტატუსი „ბაფალოს“ მეკარემ კარტერ ჰატონმა მიიღო. იგი ორ მატჩში მონაწილეობდა და ორივეში „შათაუტი“ შეასრულა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი თამაში „ლოს ანჯელესის“ წინააღმდეგ – ჯამში 47 დარტყმა მოიგერია, მათ შორის, 19 მესამე პერიოდში. 33 წლის მეკარემ ამ სეზონში ხუთიდან ხუთი მატჩი მოიგო, საშუალოდ 1.4 შაიბა გაუშვა და მეტოქეთა დარტყმების 95.3 პროცენტი მოიგერია.