„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ - წლებია, აშშ საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას განიხილავს, წელს მისი გაფორმების დრო დადგა
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ - წლებია, აშშ საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას განიხილავს, წელს მისი გაფორმების დრო დადგა

წლებია, რაც აშშ საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას განიხილავს, წელს  მისი გაფორმების დრო დადგა, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში ხუთ ძირითად პრიორიტეტს შორის, რაზეც საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად 2020 წელს აშშ-მა  ყურადღება უნდა გაამახვილოს, მეორე პრიორიტეტად სწორედ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა არის დასახელებული.

ანგარიშში წერია, რომ ბოლო ათწლეულში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციისა და ეკონომიკის ლიბერალიზაციის კუთხით.

„1996 წლიდან, როცა „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” დაიწყო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გამოქვეყნება, 2019 წლამდე საქართველომ გადაინაცვლა „ეკონომიკურად რეპრესირებული“ კატეგორიიდან „ეკონომიკურად თავისუფალი“ ქვეყნების ჯგუფში. საქართველოს მაჩვენებლები რეკორდულია, რადგან სულ რაღაც 13 წელიწადში, მან 124-ე ადგილიდან მე-16-ზე გადაინაცვლა. უკვე წლებია, რაც აშშ განიხილავს საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას. წელს დადგა მისი გაფორმების დრო. ამან უნდა ცხადყოს ხელშესახები მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომელსაც წლების განმავლობაში წვლილი შეაქვს ამერიკულ მისიაში ავღანეთში“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ მასალაში.

ამასთან, კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველო-აშშ-ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემუშავება ცარიელ ადგილზე არ იწყება.

„ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების და ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ჩარჩო-ხელშეკრულების გარდა, უკვე მიმდინარეობს მაღალი დონის სავაჭრო დიალოგი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მხოლოდ გააღრმავებს ისედაც მტკიცე სავაჭრო ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. წელს ეს საკითხი უნდა იქცეს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის და კონგრესის პრიორიტეტად“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის ავტორია მკვლევარი ასისტენტი ალექსის მრაჩეკი.

დატოვე კომენტარი