„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ - აშშ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს დემოკრატიული გეზის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდასაჭერად
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ - აშშ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს დემოკრატიული გეზის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდასაჭერად

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა – ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ეს ხუთიდან ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაზეც საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად 2020 წელს აშშ-მა უნდა გაამახვილოს ყურადღება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ასევე მითითებულია, რომ ბოლო წლის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში არ წყდება ვნებათაღელვა.

„2019 წლის ივნისიდან მოყოლებული ათობით საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტის მიზეზებს შორისაა რუსეთის დუმის წევრის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, ლგბტ პირების უფლებები და რამდენიმე ქართველი ლიდერის გადადგომის მოთხოვნა. მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში დაიწყო საპროტესტო აქციები, საქართველოს მთავრობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით გამოვიდა ინიციატივით, 2024 წლის ნაცვლად, 2020 წლისთვის სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, ნოემბერში საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა ჩააგდო. შედეგად, ხსენებული თარიღი ისევ 2024 წლისთვის გადაიწია. 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების ჩატარებას თავისუფალ და სამართლიან გარემოში არსებითი მნიშვნელობა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება, დადგეს კიდევ უფრო არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციის წინაშე. საქართველო არის იმედის ნაპერწკალი ევრაზიის რეგიონში, რადგან მისი დემოკრატიული ძალისხმევა რადიკალურად განსხვავდება მეზობელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებული სიტუაციისგან“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, საპროტესტო აქციები საქართველოს დემოკრატიული განვითარების შემადგენელი ნაწილია, თუმცა 2020 წლისთვის ამ მხრივ უფრო სტაბილური პოლიტიკური სისტემაც სასარგებლო იქნებოდა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს დემოკრატიული გეზისა და ქვეყანაში მომავალი არჩევნების ჩატარების მხარდასაჭერად თავისუფალ და სამართლიან გარემოში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” სათაურით – „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ანგარიში გამოაქვეყნა.

დატოვე კომენტარი