გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრებს აღარ გაწვრთნის.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც „ბუნდესნაკრებმა“ იაპონიასთან საკუთარ მოედანზე ამხანაგური მატჩი 1:4 წააგო. მანამდე გერმანია კოლუმბიასთან და პოლონეთთანაც დამარცხდა, ხოლო ამ გუნდის ბოლო გამარჯვება 2023 წლის 25 მარტით თარიღდება. მაშინ ფლიკის გაწვრთნილებმა პერუ 2:0 დაამარცხეს.
გერმანია 2024 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია და ნაკრებსაც ტურნირის საგზური უკვე აქვს. ადგილობრივი მედია ვარაუდობს, რომ ფლიკის წასვლის შემდეგ გუნდს საშინაო ევროპირველობისთვის იულიან ნაგელსმანი ან ოლივერ გლასნერი მოამზადებს.
ჰანსი ფლიკმა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი 2021 წელს ჩაიბარა. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გუნდი ჯგუფში ჩარჩა. ფლიკის ხელმძღვანელობით 2020 წელს მიუნხენის „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.