„ჰამასის“ სამხედრო ფრთაში აცხადებენ, რომ ერთი ისრაელელი მძევალი მოკლეს, ორი კი მძიმედ დაშავდა
„ჰამასის“ სამხედრო ფრთაში აცხადებენ, რომ ერთი ისრაელელი მძევალი მოკლეს, ორი კი მძიმედ დაშავდა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჰამასის“ სამხედრო ფრთის სპიკერმა, აბუ უბაიდამ განაცხადა, რომ ისრაელელი მამაკაცი მისმა მცველმა მოკლა, ხოლო ორი ქალი მძიმედ დაშავდა ღაზაში მომხდარი ორი ცალკეული ინციდენტის დროს. უბაიდამ მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა.
„ისრაელს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ ხოცვა-ჟლეტაზე და მის შედეგებზე, რომლებიც აისახება ისრაელელი ტყვეების ცხოვრებაზე“, – განაცხადა უბაიდამ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შექმნილია კომიტეტი, რომელიც შემთხვევას გამოიძიებს და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამასთან, უბაიდამ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ძალისხმევა ორი დაჭრილი მძევლის გადასარჩენად.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ჰამასის“ სამხედრო ფრთამ განაცხადა, რომ ისრაელელი მძევალი მისმა მცველებმა მოკლეს.
შემთხვევას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი ავიჩაი ადრეი გამოეხმაურა.
„რამდენიმე წუთის წინ „ჰამასმა“ გამოაქვეყნა წერილობითი ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ორ ცალკეულ ინციდენტში „ჰამასის“ აქტივისტებმა მოკლეს ისრაელელი მძევალი კაცი და დაჭრეს ორი მძევალი ქალი. ამ ეტაპზე არ არსებობს სადაზვერვო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს „ჰამასის“ განცხადებას. ჩვენ ვაგრძელებთ განცხადების სანდოობის გამოძიებას და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, როდესაც გვექნება“, – წერს ადრეი.