ჰალანდი ნორვეგიის ნაკრების ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია #1TVSPORT
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში ნორვეგიის ეროვნული გუნდი კვიპროსს ესტუმრა და თემურ ქეცბაიას შეგირდები დიდი ანგარიშით დაამარცხა (4:0).
ნორვეგიის ნაკრების ლიდერმა, ერლინგ ჰალანდმა დუბლი შეასრულა და კიდევ ერთ რეკორდს მიუახლოვდა. საქმე ისაა, რომ ჰალანდს ნორვეგიის ნაკრების შემადგენლობაში უკვე 27 გოლი (27 მატჩში) აქვს გატანილი და საკუთარი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია, ჯერჯერობით.
ნორვეგიის ნაკრებში ყველაზე მეტი, 33 გოლი იურგენ იუვეს აქვს გატანილი და ჰალანდს ახალ რეკორდთან არც ისე დიდი დრო აშორებს.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიის ნაკრები ჩვენს ჯგუფშია და ათი ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება. ჯგუფის ლიდერია შოტლანდია, მეორე ადგილზე ესპანეთია, საქართველოს ეროვნული გუნდი მეოთხე პოზიციას იკავებს, ხოლო კვიპროსი ნული ქულით ჯგუფის აუტსაიდერია.