ჰაიტის პოლიციაში აცხადებენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯგუფებამ მოკლა
ჰაიტის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაჯგუფებამ მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰაიტის პოლიციაზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც პოლიციის უფროსი ლეონ ჩარლზი აცხადებს, ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში კოლუმბიელი და ორი წარმოშობით ჰაიტელი აშშ-ის მოქალაქე მონაწილეობდა. რვა ეჭვმიტანილს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. 17 პირი, მათ შორის ორი ამერიკელი დაკავებულია.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამერიკის მოქალაქეების დაკავებას ვერ ადასტურებენ.
კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილი პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.
პოლიციამ მტკიცებულების სახით დაკავებულებისგან ამოღებული იარაღი წარადგინა. მათივე თქმით, მკვლელების ჯგუფი კარგად იყო აღჭურვილი და ექვსი მანქანით გადაადგილდებოდა.
კოლუმბიაში განაცხადეს, რომ დაკავებულების ნაწილი ყოფილი სამხედროა. კოლუმბია ჰაიტის გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ჯერ უცნობი რჩება, თუ რა იყო ჰაიტის პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მკვლელობის ზუსტი მიზეზი. თუმცა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კლოდ ჟოზეფი „ბიბისისთან“ საუბარში ვარაუდობს, რომ ჟოვენელი მოისი ოლიგარქებთან ბრძოლას შეეწირა.
მომხდარის გამო, ჰაიტიში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.