გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებენ - ნაკრების მწვრთნელის თქმით, მთავარი სამიზნე ნორვეგიაა #1TVSPORT
გვჭირდება ფეხბურთელები, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებენ - ნაკრების მწვრთნელის თქმით, მთავარი სამიზნე ნორვეგიაა #1TVSPORT

გამოცემა sofoot-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში „ჯვაროსნების“ შანსებზე ისაუბრა. სანიოლის პასუხებიდან ირკვევა, რომ მონღოლეთთან ამხანაგურ მატჩში შანსს ისეთ მოთამაშეებს მისცემს, რომლებსაც ნაკრებში ნაკლები დრო ეთმობათ. ამავე დროს, მან ყურადღება ეროვნული გუნდის გაახალგაზრდავების პროცესზე გაამახვილა.

„ნორვეგიასთან თამაშამდე, 25 მარტს მონღოლეთს შევხვდებით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვე, ჩვენზე პოტენციურად სუსტი მეტოქე გამოენახა, რათა გარკვეული მოთამაშეებისთვის სათამაშო დრო დამეთმო, მაგრამ მთავარი სამიზნე, რა თქმა უნდა, ნორვეგიაა.

Sofoot-ის ჟურნალისტის წინასწარმეტყველება, რომ საქართველო ევრო 2024-ზე მოხვედრის ერთ-ერთ პოტენციური კანდიდატია, ოპტიმისტურია. ჯგუფში ფავორიტი ესპანეთია. ნორვეგიას, ჰალანდის გარდა, ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს. ჩვენს ჯგუფშია ასევე შოტლანდია და ვიცი, რა რთულია გლაზგოში თამაში. ნუ დაგვავიწყდება კვიპროსის ნაკრებიც, რომელიც იოლი მეტოქე არავისთვის იქნება.

ჯგუფიდან გასვლას ვეცდებით. თუ ტრავმები არ შეგვაწუხებს და მუდამ მექნება 18-20 ფეხბურთელის იმედი, მჯერა, მეტოქეებს პრობლემებს შევუქმნით, მაგრამ შესარჩევ ეტაპზე რვა თამაშია, რომელიც რვა თვე გრძელდება. ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეიძლება. ეს შესარჩევი ჯგუფი შეიძლება ერთა ლიგის ჯგუფზე უფრო რთული იყოს, განსაკუთრებით, ფიზიკური დატვირთვების კუთხით.

ქართველ ფეხბურთელებს კარგი ტექნიკა აქვთ. თანდათან შევცვალეთ გუნდი – ვეტერანების ნაცვლად ახალგაზრდები დავაწინაურეთ, რადგან გვჭირდება სწრაფი და გამძლე მოთამაშეები, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

ნაკრებში რამდენიმე ფეხბურთელია საქართველოს ჩემპიონატიდან, ძირითადად, ქვეყნის ორი საუკეთესო კლუბიდან, ბათუმისა და თბილისის „დინამოებიდან“, რომლებიც საფრანგეთის ლიგა 2-ის დონეზე თამაშობენ, დანარჩენები უფრო ნაციონალ 1-ისა და ნაციონალ 2-ის დონეზე არიან. ამიტომ მოვუწოდებ მოთამაშეებს, გადავიდნენ უფრო ძლიერ ჩემპიონატებში, რათა შეძლონ პროგრესი, რაც ნაკრებს სარგებელს მოუტანს“, – ამბობს სანიოლი.