გვანცა ხონელიძე - შეწყალების კომისიის წევრებს ბევრი ცნების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ
გვანცა ხონელიძე - შეწყალების კომისიის წევრებს ბევრი ცნების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე, შეწყალების კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხზეც ისაუბრეს. ამის შესახებ შეხვდრის მონაწილე ქალთა მოძრაობის წარმომადგენელმა, გვანცა ხონელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრას ესწრებოდნენ შეწყალების კომისიის წევრები არასრული შემადგენლობით. როგორც ხონელიძე ამბობს, გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, მათ შორის კონკრეტული ცნებების ცოდნასთან დაკავშირებით.

„შეხვედრაზე დამოკიდებულება იყო ღია, ოღონდ არა იმდენად ღია, როგორსაც ველოდით. გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები, ბევრი ცნების შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ – ფემიციდის განსაზღვრება, ის თუ როგორ შეიძლება დაიზღვიონ თავი რეციდივისგან, როდესაც პირს შეიწყალებენ. შესაბამისად, ამ კომპონენტებზე დისკუსია გაიმართა და ჩვენი შენიშვნები მიიღეს.

შეხვედრაზე გაჟღერდა კომისიიის წევრების და თავმჯდომარის პასუხიმგებლობის საკითხი დამსწრეთაგან, მაგრამ ჩვენ ვხვდებით იმასაც, რომ პასუხისმგებლობის საკითხი დიდად არ შეცვლის მოცემულობას, რადგან მთავარი მაინც ის არის, რომ მათ მიიღონ ახალი ინფორმაცია და ახალი ცოდნა, შეიქმნას პოლიტიკის დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რა მეთოდებით იხელმძღვანელებენ შეწყალების დროს“, – განაცხადა გვანცა ხონელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, კომისიის შემადგენლობის გაფართოების ინიციატივაც გამოითქვა.

„გამოითქვა ინიციატივა, რომ კომისიის შემადგენლობა გაფართოვდეს, დაემატოს მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს გენდერულად მგრძნობიარე დამოკიდებულება, აქვს ცოდნა როგორც ფსიქოლოგიის და სამართლის, ასევე ფემიციდის. ამაზე კომისიის წევრებისგანაც ღია დამოკიდებულება დაგვხვდა, შესაბამისად, ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა ხონელიძემ.

შეწყალების კომისიის წევრები და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები დღეს პრეზიდენტის სასახლეში, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.