გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს
გურჯაანის სასამართლოში დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

ბრალდებულის ადვოკატი დღევანდელ პროცესზე კირკიტაძისთვის შეფარდებული საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით 15-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერას, ასევე საქართველოს პარლამენტის 27 წევრის შუამდგომლობას წარადგენს.

„ვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად. დღევანდელი გადაწყვეტილება სასამართლოსთვის ერთგვარი ტესტი იქნება“, – განაცხადა დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა.

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ კირკიტაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე 12 თებერვალსაც იმსჯელა, თუმცა მოსამართლემ მისი პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.  მას ბრალი  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. 20 დეკემბერს კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.