გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოქალაქეებს საკუთარი ნივთები ეტაპობრივად გამოაქვთ
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, მცხოვრებლების ნაწილი საკუთარი ნივთების გამოსატანად შეუშვეს.
როგორც მერიის წარმომადგენელი აცხადებს, კორპუსის მცხოვრებლები სახლებში შესვლას ეტაპობრივად შეძლებენ. ამასთან, ადგილზე გრძელდება დასუფთავების სამუშაოები.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს იმ კვანძების გახსნა, სადაც შეიძლება იყოს სავარაუდო დაზიანებები, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს, როგორც მუნიციპალურმა ლაბორატორიამ, ასევე ყველა ექსპერტმა. გუშინ იყვნენ მოსული სამშენებლო კომპანიის საპროექტო ორგანიზაციიდან კონსტრუქტორები, დაათვალიერეს როგორც სარდაფი, ასევე ტექნიკური სართული. მიახლოებითი მონახაზი გვაქვს, რა ტიპის გამაგრებისკენ უნდა წავიდეს, მაგრამ ველოდებით ექსპერტების საბოლოო დასკვნას, რადგან მათი რჩევის შემდეგ დაიწყება გამაგრებითი სამუშაოები”,- განაცხადა განაცხადა საქალაქო სამსახურის შენობა ნაგებობების გამაგრება გაძლიერების უფროსმა დავით ღონღაძემ.
მისივე ინფორმაციით, 23 ოქტომბრიდან მიმდებარე კორპუსებში ჩამსხვრეული მინების გამოცვლა დაიწყება.
ამასთან, როგორც კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, დაზიანებულია მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები, უფრო მაღალ სართულებს კი სავარუდოდ, არ აქვთ დაზიანება, შესაბამისად, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კორპუსში შესახლება ეტაპობრივად, ზედა სართულებიდნა დაიწყება.
„თითქმის ყველაფერი გამოვიტანეთ, რაც გვჭირდებოდა ბავშვებისა და ჩვენთვის. საშინელი მდგომარეობაა ზოგადად სართულზე, დანგრეულია აბსოლუტურად ყველაფერი. უშუალოდ ჩვენ მესამე სართულზე ვცხოვრობთ და ჩვენი სახლი გადარჩა, ოდნავ არის დაზიანებული, გადმონგრეულია კედლის მცირე ნაწილი. სავარაუდოდ, კარგა ხანი არ შეგვიშვებენ მეოთხე სართულამდე“,- განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ხატია გაბიდაურმა.
გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა. აფეთქების შედეგად სულ ხუთი ადამიანი დაშავდა, სამმა კლინიკა უკვე დატოვა.