გურამ თუშიშვილმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ბაშაევი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს, მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ფინალის საგზური მოიპოვა.

ქართველი მძიმეწონოსანი ნახევარფინალში რუს ტამირლან ბაშაევს შეხვდა და მეტოქეს სუფთა გამარჯვებით სძლია.

გურამმა თავდაპირველად ერთი ვაზარი გაუშვა, თუმცა კიდევ უფრო გააქტიურდა და ერთწუთიან მონაკვეთში ბაშაევი ორი ვაზარით დაამარცხა.

ეს გახლდათ ბაშაევისა და თუშიშვილის მეშვიდე დაპირისპირება, რომელშიც უკვე სამი გამარჯვება ქართველის მხარესაა.

ფინალში თუშიშვილის მეტოქე ჩეხი კრპალეკი იქნება.

შეგახსენებთ, რომ თუშიშვილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე ეტაპზე კი გურამი ტაჯიკ ტემურ რახიმოვს შეხვდა და მოწინააღმდეგე დაძაბულ ბრძოლაში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

მეოთხედფინალში კი ქართველი ბრაზილიელ რაფაელ სილვას დაუპირისპირდა და მეტოქეს დამატებით დროში გაფრთხილებებით სძლია.

უძველეს სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

ოლიმპიური თამაშების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი და ტელესკოლა გთავაზობთ.

 

1/8 ფინალი

თუშიშვილი VS რახიმოვი (ტაჯიკეთი)

1/4 ფინალი

თუშიშვილი VS სილვა (ბრაზილია)