გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ნიშნავს, რომ პრეზიდენტიც არის ადამიანი
გურამ მაჭარაშვილი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება ნიშნავს, რომ პრეზიდენტიც არის ადამიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პატიმართა შეწყალების წესები უნდა შემუშავდეს და პრეზიდენტის პოზიციაა, ეს პარლამენტში მოხდეს.

ჟურნალისტებთან საუბარში მაჭარაშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.

„აუცილებელია, შეწყალების კომისია და ჯგუფი არსებობდეს, რომელიც პრეზიდენტის შეწყალებამდე რაღაც წესების შესაბამისად გადასინჯავს შესაწყალებელი პირების სიას. კარგია, რომ მისი მხრიდან მორატორიუმზე განცხადება გაკეთდა. მისი განცხადება იყო, რომ პრეზიდენტიც არის ადამიანი, მისი პათოსი გასაგები იყო”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, წესები, რომელიც შეწყალებას ეხება, უნდა გადაიხედოს და შემუშავდეს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ.