გურამ მაჭარაშვილი - საერთოდ აბსურდია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები ძალადობაზე ლაპარაკობენ
გურამ მაჭარაშვილი - საერთოდ აბსურდია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები ძალადობაზე ლაპარაკობენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აბსურდია, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ძალადობაზე საუბრობენ.

მისივე თქმით, თინა ბოკუჩავას მხრიდან შალვა პაპუაშვილისთვის ეთიკის საბჭოში ჩივილიც არასერიოზულია.

გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ეთიკის კოდექსში თავად თინა ბოკუჩავას დღევანდელი მოქმედებები არ ჯდება.

„საერთოდ აბსურდია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წარმომადგენლები ძალადობაზე ლაპარაკობენ, ატარებენ რაღაც აქციებს – არა ძალადობას და ამ დროს ძალადობენ პოლიციელებზე, მოქალაქეებზე, ფსიქიკურად ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე. მით უფრო პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს საზოგადოება აკვირდებოდა, მათი ეს ისტერიული ტონი, მათ შორის ქალბატონი ბოკუჩავასი, რომელიც აპირებდა პარლამენტის თავმჯდომარესთან ასვლას ისტერიულად, ბუნებრივია, ვერ ჯდება ვერანაირ ეთიკის კოდექსში და ახლა ასეთი პიროვნება აპირებს, ეთიკის საბჭოში უჩივლოს შალვა პაპუაშვილს, რომელმაც პრაქტიკულად გადაარჩინა თინა ბოკუჩავა იმას, რომ კიდევ გაეგრძელებინა არაეთიკური საქციელები. რა მოხდებოდა თავმჯდომარესთან, ეს კაცმა არ იცის. ამიტომ არ მგონია, თინა ბოკუჩავას მხრიდან სერიოზული იყოს, რომ პაპუაშვილს ეთიკის საბჭოში უჩივლოს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ეთიკის საბჭოს მიმართავენ, რათა „დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და მათ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ“.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.