გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, ამ პოზიციას ჩვენც ვეთანხმებით, სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც გამოტანილი აქვს მართლმსაჯულებას
გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, ამ პოზიციას ჩვენც ვეთანხმებით, სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც გამოტანილი აქვს მართლმსაჯულებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ეთანხმებიან პრეზიდენტის პოზიციას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სააკაშვილი, როგორც ყოფილი პრეზიდენტი, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, რაც ასევე სრულდება.

„პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და ამ პოზიციას ჩვენც ვეთანხმებით. მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც მის მიმართ გამოტანილი აქვს მართლმსაჯულებას. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი, როგორც ყოფილი პრეზიდენტი, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, რაც ასევე სრულდება – იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ყოველ დღე აწვდის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის განმარტებით, პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ოპოზიციისა და ადვოკატების მოთხოვნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ეხება, რისკებთან არის დაკავშირებული.

„საავადმყოფოში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, ყველა საჭირო აღჭურვილობაა და არ არსებობს რაიმე სამედიცინო დასკვნა, რომ მას ესაჭიროება კონკრეტული მომსახურება, რომელიც იქ არ არის. ვერც ერთი კერძო კლინიკა ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ადგილზე პროვოკაციები არ მოხდეს და თავად პატიმრის საწინააღმდეგოდ არ გაუჩნდეს ვინმეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის სურვილი. პატიმარი იმიტომ არის განსაკუთრებულად იზოლირებულ ტერიტორიაზე, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება და მის მიმართ არ მოხდეს მოქალაქეების მხრიდან ანგარიშსწორება. ეს ორივე ფაქტორი გასათვალისწინებელია. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს, თუ თეორიულად გადაწყვეტს, პატიმარი გადაიყვანოს კერძო კლინიკაში, შეამოწმოს ამ კლინიკის პერსონალი და შენობაში შემსვლელ-გამსვლელი, ასევე, ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ და ამის მიხედვით აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა ერთია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. თუმცა, მისივე თქმით, ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი პატიმარი, ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, როგორ მოვეპყრობით მას.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე აღნიშნა: „თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არ არის და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევათ რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე, რისი დაზღვევაც ურთულესია“.

ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ევალება, საზოგადოებას აცნობოს, კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს.