გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ გიგი უგულავას საკითხი მიზეზად გამოიყენა, რადგან არ სურთ კონსულტაციების გაგრძელება
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციამ გიგი უგულავას საკითხი მიზეზად გამოიყენა, რადგან არ სურთ კონსულტაციების გაგრძელება

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიზანი საარჩევნო მოდელზე მოლაპარაკების გამართვა არ იყო.

„ეს მას შემდეგ გაცხადდა, რაც ეუთო/ოდირის დასკვნა გასაჯაროვდა. სამწუხაროდ, მათი მიზანი იყო, რომ დესტრუქციული ქმედებები ეჩვენებინათ. უგულავას საკითხი არაფერ კავშირშია მოლაპარაკებებთან და ეს მიზეზად გამოიყენეს, რადგან მათ არ სურთ კონსულტაციების გაგრძელება. მათი მხრიდან ეს სერიოზულ არგუმენტად არ მიმაჩნია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ვინმეს არ მოსწონს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, შეუძლია, საერთაშორისო სასამართლოს მიმართოს.

„ყველას მიმართ ერთი და იგივე მიდგომები უნდა იყოს. თუ ვინმეს, რიგით მოქალაქეს, პოლიტიკოსს, საჯარო მოხელეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს, შესაბამისი ინსტანციები არსებობს. შეუძლიათ, ამ საკითხის გადასინჯვა საერთაშორისო სასამართლოში მოხდეს. თუ ვინმეს სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოსწონს, ეს ქვეყნის დასასრული არ არის და არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არსებობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური პროცესი და მართლმსაჯულება.

„სამწუხაროდ, არ მგონია, რომ ოპონენტების რადიკალური ნაწილი ვინმეს ან რამეს ემორჩილებოდეს. სახალხო დაუმორჩილებლობაზე საუბარი ცოტა არასერიოზულია. ისინი არანაირ წესებს, პოლიტიკას და შეთანხმებას არასდროს ემორჩილებოდნენ. მით უფრო, ქართულ საზოგადოებას“, – დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები წყდება.