გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ყოველ დღე მოდის საქართველოში, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოაღწია
გურამ მაჭარაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ყოველ დღე მოდის საქართველოში, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოაღწია

მიხეილ სააკაშვილი ყოველ დღე მოდის საქართველოში, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოაღწია, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ის საქართველოში ჩამოვა.

რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას „ნაციონალური მოძრაობისადმი“, რომ მელიას გათავისუფლების შემდეგ პარლამენტში შევიდეს, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ მას დოკუმენტის პირობები და მასზე ხელმოწერა არ მოსწონდა, თუმცა დღეს განსხვავებულ გზავნილებს აჟღერებს.

„ბუნებრივია, საქართველოში სააკაშვილის განცხადებებს სერიოზულად არავინ აღიქვამს, თუმცა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას გუშინ არ მოსწონდა არც 43 პროცენტი, არც დოკუმენტზე ხელმოწერა, არც პარლამენტში შესვლა, დღეს კი განსხვავებულ მოსაზრებებს ავრცელებს. პრინციპში, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მოსაზრებები არ არის სერიოზული და არც შეიძლება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება.

„ნაცმოძრაობაში“ თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, ვინ არის მათი ლიდერი, ფორმალური თუ არაფორმალური, ადამიანი, რომელიც ყოველ დღე, დილა-საღამოს მოდის საქართველოში, მაგრამ ჯერ ვერ ჩამოაღწია. საქართველოში მისი ჩამოსვლა რა სამართლებრივი მექანიზმების ამუშავებას გამოიწვევს, ეს კარგად ვიცით. ჩამოსვლის სურვილი თუ აქვს, ყოველგვარი განცხადებების გარეშე შეუძლია, ჩამოვიდეს. აქ დახვდება არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების, არამედ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები და მისი აღსრულება მოხდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება პარტიებს შორის შეთანხმებას, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი სუბიექტური ინტერესით.