გურამ მაჭარაშვილი - იენს სტოლტენბერგის განცხადება ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის
გურამ მაჭარაშვილი - იენს სტოლტენბერგის განცხადება ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის

ჩვენ ვაგრძელებთ იმ რეფორმებს ყველა მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართულებითაც, რომელიც აუცილებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, არაერთხელ მოგვისმენია იენს სტოლტენბერგის განცხადება და ზოგადად, ნატო-ს ხელმძღვანელობის კომენტარები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახლოს დგას უკვე საქართველო ნატო-სთან.

„ის, რომ სამხედრო კომიტეტის სხდომა არის ჩატარებული საქართველოში, იმართება სამხედრო წვრთნები ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში და მათივე სიტყვები არის ის, რომ ნატო ესე ახლოს არასოდეს არ ყოფილა საქართველოსთან, როგორც არის დღეს. ეს იმის ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა ის მიმართულება, რომელიც აუცილებელია, რომ იმ ქვეყანას ჰქონდეს, რომელიც უნდა იყოს ნატო-ს წევრი, არის თავსებადი ნატო-ს სტანდარტებთან.

ეს ბოლო დროინდელი განცხადებაც ზუსტად ემსახურება იმას, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ იმ რეფორმებს ყველა მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართულებითაც, რომელიც აუცილებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ იმას, რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორები კიდევ უფრო მასშტაბურად დაგვეხმარებიან იმ მიმართულებების განვითარებაში, რომელიც აუცილებელია, რომ იმ ქვეყანას ჰქონდეს, რომელიც უნდა იყოს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყანა. აქვე, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ განსაკუთრებულად 2012 წლის შემდგომ, მათ შორის რაც ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, პრაქტიკულად, ყველა მიმართულება, როგორც საკანონმდებლო ბაზის დონეზე, ისევე პრაქტიკული ინსტიტუტების მშენებლობის დონეზეც გვაქვს უკვე თავსებადი ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, „საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანება თუ სურთ, რუსეთი სუვერენული სახელმწიფოს ამ უფლებას ვერ უარყოფს“. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დაუთქვამთ.