იენს სტოლტენბერგი - საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანება თუ სურთ, რუსეთი სუვერენული სახელმწიფოს ამ უფლებას ვერ უარყოფს
იენს სტოლტენბერგი - საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანება თუ სურთ, რუსეთი სუვერენული სახელმწიფოს ამ უფლებას ვერ უარყოფს

ნატო-ს კარგი ღია რჩება. ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან, მაგრამ ჩვენ კონკრეტული თარიღი არ დაგვითქვამს. ეს ქვეყნები ნატო-ს წევრები რომ გახდნენ, ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპის კოლეჯში, ბრიუგეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები ორიენტირებული იყვნენ რეფორმების გატარებასა და ინსტიტუტების გაძლიერებაზე. მისი თქმით, სწორედ ეს რეფორმები ეხმარება საქართველოს და უკრაინას ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველოსა და უკრაინისთვის, ორი განსხვავებული ქვეყნისთვის, განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობით და ისტორიით, მაგრამ ორივენი ნატო-ს წევრობისკენ ისწრაფვიან, მათთვის ჩემი გზავნილი არის ის, რომ ორიენტირებული უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რეფორმების შესრულებაზე. ჩვენ ვეხმარებით, მხარს ვუჭერთ ამ რეფორმების გატარების მცდელობებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, გახდება თუ არა რომელიმე ქვეყანა ნატო-ს წევრი, ეს თავად სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ამ პროცესის უარყოფა კი რუსეთს არ შეუძლია.

„გახდება თუ არა ქვეყანა ნატო-ს წევრი, ეს თავად ამ ქვეყნის და ნატო-ს წევრების გადასაწყვეტია, სხვა არავისი. ზოგჯერ იქმნება წარმოდგენა, რომ რუსეთს აქვს ვეტო, რომლითაც ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება შეუძლია უარყოს. საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანება თუ სურთ, რუსეთი ვერ უარყოფს სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, შემოგვიერთდეს“, -აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ასევე, კითხვაზე, შეძლებდა თუ არა რუსეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, თუ უკრაინა ნატო-ს წევრი იქნებოდა, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ შეუძლებელია ეს მომხდარიყო, რადგან ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა ნატო-ს უმთავრესი პასუხისმგებლობაა. სტოლტენბერგის თქმით, მთელი აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ნატო-ს ერთ წევრზე თავდასხმა მთელი ალიანსის საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.

დატოვე კომენტარი