გურამ მაჭარაშვილი - დევი ჭანკოტაძემ გააჟღერა მზაკვრული გეგმა, პარლამენტის წევრი პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს და მსხვერპლზე საუბრობს
გურამ მაჭარაშვილი - დევი ჭანკოტაძემ გააჟღერა მზაკვრული გეგმა, პარლამენტის წევრი პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს და მსხვერპლზე საუბრობს

დევი ჭანკოტაძემ გააჟღერა ძალიან მზაკვრული გეგმა. პარლამენტის წევრი პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს, მსხვერპლზე საუბრობს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დევი ჭანკოტაძის მიერ პარლამენტის სხდომაზე გაკეთებულ იმ განაცხადებას, სადაც ჭანკოტაძე ამბობს: „ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება“.

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დევი ჭანკოტაძე საუბრობს გეგმაზე, რაც შესაძლოა, ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას.

„დევი ჭანკოტაძემ გააჟღერა ძალიან მზაკვრული გეგმა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე. ამბობს, ეს კანონი თუ არ გაიწვიეთ, იქნება მსხვერპლიო. წარმოიდგინეთ ამაზე მეტი პროვოკაციული განცხადება – იმ გეგმას აჟღერებს, რაც შესაძლოა, რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდეს. პარლამენტის წევრი, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას მოუწოდებდეს, გააპროტესტეთ, მაგრამ მშვიდობიანად, პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს, მსხვერპლზე საუბრობს. რევოლუცია, მსხვერპლი, სისხლი, უბედურება – ეს არის ამ ხალხის გეგმა. ეს უნდა გავაჟღეროთ და ეს უნდა იყოს გამჭვირვალე. ვამხილოთ ეს ხალხი, რომ საზოგადოება იყოს ფრთხილად“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.