გურამ მაჭარაშვილი - დადასტურდა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა სურთ, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს
გურამ მაჭარაშვილი - დადასტურდა, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა სურთ, ამას ხელისუფლება არ დაუშვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება არ დაუშვებს, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს.

გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, ასეთი განცხადებებით ნუ გაირჯებიან და საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ.

„ბოლო დღეების განმავლობაში დადასტურდა ფაქტი, რომ სამწუხაროდ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ არსებობენ პოლიტიკური ძალები და ადამიანები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა და სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება სურთ. ამას უკვე ღიად აცხადებენ. ქვეყნის გარეთ ნურავინ გაირჯება იმისთვის, საქართველომ როდის, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების თვალსაზრისით, რადგან ეს საკითხი გავლილი გვაქვს და გავდივართ საერთაშორისო პარტნიორებთან.

აქედან გამომდინარე, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიმართულებით რა და როგორ უნდა მოხდეს, ეს აქტუალური და ნომერ პირველი თემაა, მაგრამ საკითხი პარტნიორებთან ერთად გადის და ნურავინ გაირჯება ამ საკითხის მოგვარების მიზნით. ეჭვი მეპარება, ვინმეს ადარდებდეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, მათ შორის არც მათ, ვინც აცხადებს, რომ სოხუმში უნდა შევიდეთ და ავიღოთ. მათ ის ადარდებთ, როგორმე საქართველოს ომში ჩათრევა მოახერხონ. ეს გამორიცხულია, ამას საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება არ დაუშვებს, ამიტომ ასეთი განცხადებებით ნუ გაირჯებიან და საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს შეურაცხყოფას ნუ მიაყენებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.