გურამ მაჭარაშვილი - ადამ კინზინგერის განცხადებამ ჩვენი ოპონენტების სურვილი კიდევ ერთხელ გააქარწყლა
გურამ მაჭარაშვილი - ადამ კინზინგერის განცხადებამ ჩვენი ოპონენტების სურვილი კიდევ ერთხელ გააქარწყლა

ადამ კინზინგერის განცხადებამ კიდევ ერთხელ გააქარწყლა სურვილი და მიზანი ჩვენი ოპონენტების, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარისა და ქართული დელეგაციის ამერიკაში დაგეგმილ ვიზიტს ირონიულად უყურებდნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ადამ კინზინგერის განცხადებამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე კითხვის ნიშნები მოხსნა.

„მან პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მყარი იქნება. კომპრომისი ორმხრივია, არ შეიძლება, ცალმხრივი იყოს. ჩვენი მხრიდან ოპოზიციის მიმართ წარდგენილია საკმაოდ ოპტიმალური შეთავაზება და ახლა უნდა დაველოდოთ იმას, ოპოზიცია რას იტყვის“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

დეპუტატი ამერიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს დადებითად აფასებს.

„დადებითია კონგრესმენების შეფასება. ასეთი სახის ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები იმას უზრუნველყოფს, რომ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობა არცერთ შემთხვევაში არ დაზიანდება. სისტემატიური ვიზიტები აუცილებელია, რომ კონგრესმენებს ჰქონდეთ განცდა, საქართველო ამერიკას უყურებს, როგორც ძირითად პარტნიორს. ქვეყანა ამ კურსს არასოდეს შეცვლის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.