გურამ გიორბელიძე - ინტერესი არის, მაგრამ ჯერ ავსტრიაში ვრჩები #1TVSPORT
გურამ გიორბელიძე - ინტერესი არის, მაგრამ ჯერ ავსტრიაში ვრჩები #1TVSPORT

გაზეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის ახალი ნომინაციის პირველი გამარჯვებული, წლის დებიუტანტი გურამ გიორბელიძე გახდა. ავსტრიული „ვოლფსბერგერისა“ და საქართველოს ნაკრების 24 წლის მარცხენა მცველი საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ 2021 წელს მისთვის მნიშვნელოვანი ამბები მოხდა.

„ბავშობიდან საქართველოს ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი და მიხარია, რომ ამას მივაღწიე. რაც შეეხება დაჯილდოებას, ძალიან კარგი საღამო იყო, რომელმაც გამაბედნიერა – ეს კიდევ უფრო დიდი ემოცია და მოტივაციაა“, – ამბობს გური გიორბელიძე.

მისი თქმით, სეზონი რთულად დაიწყო: 

„თავიდან „ვოლფსბერგერში“ რთული პერიოდი მქონდა. ტრავმის გამო დაახლოებით 4 თვე გამიცდა. მარტში სანაკრებო შეკრებამდე, ფაქტობრივად, თამაში არც მიწევდა. მაგრამ მაქსიმალური მოტივაციით ვვარჯიშობდი, რადგან მჯეროდა, რომ ნაკრებში თამაში მომიწევდა. ყველაფერს ვაკეთებდი, შანსი თუ მომეცემოდა, გამომეყენებინა და თავი გამომეჩინა. 2021 წელი კარგად დაიწყო – მოხვდი ნაკრებში, რაც ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო, ევროპის ლიგის ჯგუფში ვითამაშე და იმედია, ასეც გაგრძელდება“.

გიორბელიძემ არ დამალა, რომ ნაკრებში თამაშის შემდეგ მისით სხვა გუნდებიც დაინტერესდნენ:

„ნაკრები წინსვლაში გეხმარება. შემოთავაზებები არის, მაგრამ კონკრეტულად ჯერ ვერაფერს ვიტყვი, დაინტერესებული გუნდები ჩემმა მენეჯერმა გიორგი ფოფხაძემ იცის. სწორედ ის აწარმოებს მოლაპარაკებებს, მაგრამ ჯერ ისევ „ვოლფსბერგერში“ ვრჩები“.