გურამ დონაძე მოწმეზე ზეწოლის ან ზეწოლის მცდელობის ბრალდებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს 
გურამ დონაძე მოწმეზე ზეწოლის ან ზეწოლის მცდელობის ბრალდებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს 

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული გურამ დონაძე საგამოძიებო უწყებას მიმართავს მოწმეზე ზეწოლის ან ზეწოლის მცდელობის ბრალდებაზე გამოძიება დაიწყოს.

დონაძე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამავე საქმეზე ბრალდებულის, ზაზა ბაქრაძის განცხადებას გამოეხმაურა. ბაქრაძემ დონაძე სავარაუდო მოწმეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

​როგორც დონაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მოწმეებზე ზეწოლის ფაქტი არ დამტკიცდა, ბაქრაძის მიმართ ცრუ დასმენის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი ღონისძიებები უნდა გატარდეს.

„ძალიან გთხოვთ, ყველა საშუალებით მოიპოვეთ ჩემი სატელეფონო ჩანაწერები, გინდა სატელეფონო ზარები, გინდა გადაადგილების ამსახველი მონაცემები. ამ ქალაქში არის ბევრი კამერა და ძალიან გთხოვთ, დღესვე დაიწყოთ გამოძიება თუ რომელიმე მოწმეზე ან მის ოჯახის წევრზე ვახორციელებ ზეწოლას ან ამის რაიმე მცდელობა მქონდა ამ წლების განმავლობაში. თუ ეს ასე არაა, ცრუ დასმენაზე იგივე სისხლის სამართლებრივი ღონისძიებები გაატარეთ და პასუხისგებაში მიეცით ის ადამიანი, ვინც ამას აკეთებს. ეს პირველად გაჟღერდა სასამართლო დარბაზში“,- განაცხადა დონაძემ.

მისივე თქმით, სასამართლო დარბაზის გარეთ ბაქრაძის შვილთან კომუნიკაცია ორჯერ ჰქონდა.

„შანტაჟი, ზეწოლა რომ ყოფილიყო, თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ პროკურატურა არ ამოიღებდა რომელიმე ჩანაწერს? ეს მისთვის მიცემული დავალებაა, რომ რაც შეიძლება მეტი სიბინძურე დამაბრალოს“,- განაცხადა დონაძემ.

ბუტა რობაქიძის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ზაზა ბაქრაძის განცხადებით, საქმის სავარაუდო მოწმეებზე ზეწოლა ისევ მიმდინარეობს. როგორც ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, საქმეზე ბრალდებულ გურამ დონაძეს  ერთ-ერთ სავარაუდო მოწმესთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.