ზაზა ბაქრაძე სავარაუდო მოწმეებზე ზეწოლაში გურამ დონაძეს ადანაშაულებს
ზაზა ბაქრაძე სავარაუდო მოწმეებზე ზეწოლაში გურამ დონაძეს ადანაშაულებს

ბუტა რობაქიძის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ზაზა ბაქრაძის განცხადებით, საქმის სავარაუდო მოწმეებზე ზეწოლა ისევ მიმდინარეობს.

როგორც ბრალდებულმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, საქმეზე ბრალდებულ გურამ დონაძეს  ერთ-ერთ სავარაუდო მოწმესთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა.

„ისევ მიმდინარეობს სავარაუდო მოწმეებზე ზეწოლა ერთ-ერთი ბრალდებულის, კერძოდ დონაძის მიერ. მას ჰქონდა ერთ-ერთ სავარაუდო მოწმესთან დაკავშირების მცდელობა, ნათესავის საშუალებით ითხოვდა ამ მოწმესთან შეხვედრას. მინდა მივმართო გურამ დონაძეს, ძალიან გთხოვთ ნუ ინერვიულებთ, როცა აკეთებთ განცხადებებს მედიაში მე ცხრა წელი მემუქრება თუ 29. თქვენი შესაფასებელი არაა ჩემი ჩვენება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სრულად ვაღიარებ ბრალს“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, მან ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას შუამდგომლობაზეც ისაუბრა, რომელმაც ბაქრაძის ჩვენების თაობაზე გამოძიების დაწყება ითხოვა, რადგან მიიჩნევს, რომ ბაქრაძემ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

როგორც კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ამბობს, მან სასამართლოს უთხრა სიმართლე და მისი ჩვენება ჭეშმარიტია.

„ფირცხალავას შუამდგომლობას, ჩემს მიერ ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, არავითარი შეხება არ აქვს საქმესთან და გათვლილია საზოგადოებაზე, რომ მათ თვალში ჩემი ჩვენება წარმოაჩინონ ისე, თითქოს არის ცრუ და არ შეესაბამება სიმართლეს.

ადამიანები მედავებიან 2004 წელს მიცემულ ჩვენებაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ – მე სასამართლოს მივეცი ჭეშმარიტი ჩვენება. უახლოეს წარსულს თუ გადავხედავთ, მე განვაცხადე, რომ ჩემზე მიმდინარეობდა შანტაჟი და ზეწოლა, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებზე, რატომღაც არცერთ ბრალდებულს არ გასჩენია იმის პრეტენზია – ეს ადამიანი სიმართლე იძახის, თუ ტყუილს. მე დავასახელე კონკრეტული ადამიანებიც ვინც ამას აკეთებენ“,- განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეს ახლა ეცნობა და გუშინ აღმოაჩინა ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც გურამ დონაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

„ახლა ვეცნობი ამ სისხლის სამართლის საქმეს და გუშინ შემთხვევით აღმოვაჩინე ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომელიც წინასწარ გამოძიებაში მისცა და დაკითხულია კიდეც სასამართლოზე, საუბარი მაქვს მოწმე მუკბანიანზე. მასზე ხორციელდებოდა მუქარა და ზეწოლა, მათ შორის ოჯახის წევრების განადგურებით. მან დაასახელა ერთ-ერთი ბრალდებული გურამ დონაძე, წარადგინა გარკვეული დამადასტურებელი ფაქტები ამისა და აქ ვერავინ დაინახა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძვლები და ჩემს ჩვენებაში დაინახა?! მინდა მოგმართოთ თხოვნით, ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ჩემს მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მე ოდესმე შევცვლი ჩვენებას, ეს არის აბსურდი. მე ფიცის ქვეშ მივეცი ჩვენება, რომელიც არის სიმართლე“,- განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმ მოწმის დაკითხვა გაგრძელდა, რომელიც საქმის ვიდეო მტკიცებულების ექსპერტიზაზე მუშაობდა.

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ახალი გამოძიების პირობებში, ბრალდების მხარე ხუთ პირს – ზაზა ბაქრაძეს, გურამ დონაძეს, ზურაბ მიქაძეს, ირაკლი ფირცხალავასა და და დავით იაშვილს ედავება.