გურამ დოჩანაშვილი - საპატიო თბილისელობა ყველასთვის დიდი პასუხისმგებლობაა, თბილისი მშობლიური ქალაქია, სითბო და სიყვარული არასოდეს მომკლებია
გურამ დოჩანაშვილი - საპატიო თბილისელობა ყველასთვის დიდი პასუხისმგებლობაა, თბილისი მშობლიური ქალაქია, სითბო და სიყვარული არასოდეს მომკლებია

დიდი პატივია, მადლობელი ვარ და ვეცდები, რომ გავამართლო, ყველასთვის დიდი პასუხისმგებლობაა, უღრმესი მადლობა, – განაცხადა მწერალმა გურამ დოჩანაშვილმა, რომელსაც საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

მწერალი დაჯილდოების ღონისძიებას ვერ დაესწრო და მაყურებელმა მისი ვიდეოინტერვიუ იხილა.

ამავე ღონისძიებაზე, გურამ დოჩანაშვილთან ერთად, საპატიო თბილისელის წოდება პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭა.

„რაც მაგათ ჯაფა, შრომა და მღელვარება დაატყდათ, კმაყოფილები უნდა იყვნენ“, – ასე შეაფასა გურამ დოჩანაშვილმა ექიმებისთვის საპატიო თბილისელობის მინიჭება.

„აქ დავიბადე, აქ გავიზარდე. მშობლიური ქალაქია. სითბო და სიყვარული არ მოუკლიათ ჩემთვის. უღრმეს მადლობას მოვახსენებ მათ. თბილისს ვისურვებდი ყოველგვარ სიკეთეს, რაც ქვეყნად არის. ხანდახან გულდაწყვეტით მითქვამს, რომ მხოლოდ მეფეები ვერაფერს გახდებოდნენ, ქუდზე კაცები რომ არა. ქუდზე კაცები ვიყავით ჩვენი რწმენით, ჩვენი მართლმადიდებელი ქრისტიანობის“, – აღნიშნა გურამ დოჩანაშვილმა.

საპატიო თბილისელები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცა. საპატიო თბილისელის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილს და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭათ.