გურამ ჩალაგაშვილი - რაზეც შევთანხმდით ყველა ერთ მაგიდასთან, ამას ხელი არავინ და არაფერმა უნდა შეუშალოს, დღეს უპირველესია მაჟორიტარებზე შეთანხმება
გურამ ჩალაგაშვილი - რაზეც შევთანხმდით ყველა ერთ მაგიდასთან, ამას ხელი არავინ და არაფერმა უნდა შეუშალოს, დღეს უპირველესია მაჟორიტარებზე შეთანხმება

ვალდებული ვართ, ოპოზიციამ გადავდგათ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც უფრო მეტად შეკრავს და გააერთიანებს ერთობას, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა, ერთიანი საარჩევნო სიის შექმნაზე ოპოზიციური პარტიების მიმართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით, ოპოზიციური ერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ ერთობის შესანარჩუბელად „გამარჯვებულმა საქართველომ“ნაბიჯი უკვე გადადგა.

„ის, რომ ოპოზიციური ერთობა დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაზე ჩვენ ერთხელ უკვე გავეცით პასუხი იმით, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა რამდენიმე დღის წინ, რათა ერთობა შენარჩუნებულიყო, გადადგა ის ნაბიჯი, რომ მან თბილისის მაჟორიტარობაზე თქვა უარი და მოუწოდა ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთობისკენ. ვალდებული ვართ, ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ ოპოზიციამ, რომელიც უფრო მეტად შეკრავს და გააერთიანებს ამ ერთობას, გახდის გაუტეხავს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. დღეს მთავარია, შევთანხმდეთ საბოლოო ჯამში მაჟორიტარებზე თბილისთან მიმართებაში, რომელიც მინიმუმ, 20 ივნისს უნდა მოვახსენოთ საზოგადოებას.  დანარჩენს კი, დრო გვაჩვენებს“, – აცხადებს ჩალაგაშვილი.

როგორც მან აღნიშნა, ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებული შეთანხმების შესრულებას ვერავინ და ვერაფერმა უნდა შეუშალოს ხელი, მათ შორის ვერც განცხადებებმა.

„ერთობა არის მნიშვნელოვანი, ის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და ამას ვერავინ უნდა შეუშალოს ხელი.  სხვადასხვა განცხადებითაც არ უნდა მოხდეს ამის დაზიანება. პარტიის პოზიციაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პოლიტსაბჭომ, რაზეც შევთანხმდით არის ის, რომ უნდა შეთანხმდეს მაჟორიტარები. სხვა თემაზე დღეს არ უნდა ვისაუბროთ არც ერთ შემთხვევაში, რადგან პირველი და უპირველესი არის მაჟორიტარებზე შეთანხმება, დავასრულოთ ეს ყველაფერი და სხვა თემები მერე განვიხილოთ. ამ თემაზე არც უნდა ვისაუბროთ, რადგან შეიძლება, ამაზე მართლაც დაიწყოს ვიღაცამ ფიქრი და მაჟორიტარები გახდეს მეორეხარისხოვანი. რაზეც შევთანხმდით ყველა ერთ მაგიდასთან, ამას ხელი არ უნდა შეუშალოს არაფერმა და არავინ. არანაირ კვოტებზე არანაირ სიძლიერეზე და პროცენტულობაზე საუბარი დღეს არ უნდა იყოს, რადგან ეს იქნება დამაზიანებელი ამ ყველაფრისთვის“, – აღნიშნავს გურამ ჩალაგაშვილი.