გუგუტიანთკარში ახლად დამონტაჟებული უკანონო ბარიერების გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს არ განახლებულა
გუგუტიანთკარში ახლად დამონტაჟებული უკანონო ბარიერების გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს არ განახლებულა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, ახლად დამონტაჟებული უკანონო ბარიერების გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი დღეს არ განახლებულა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი გუგუტიანთკარიდან იუწყება, რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზთან დილიდან გარკვეული პერიოდულობით ჩნდებიან, თუმცა სამუშაოები არ მიმდინარეობს, სამხედროები პერიმეტრს აკონტროლებენ და საოკუპაციო ხაზზთან მყოფ ჟურნალისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას ფოტოებს უღებენ. ასევე, გარკვეული პერიოდულობით საოკუპაციო ზონიდან ბენზოხერხის ხმაც ისმის, თუმცა უცნობია, რა სამუშაოები მიმდინარეობს ოკუპირებული ზონის სიღრმეში.

ამასთან, ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც ერთ-ერთ სამხედროს გაესაუბრნენ, თუმცა მედიისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარში ღობეების აღმართვა გუშინ დილის საათებში განაახლეს, ბოძები დაამონტაჟეს და შემდეგ ტერიტორია დატოვეს.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და ღობე გაავლეს. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი.