საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ღობეების აღმართვა განაახლეს [ფოტო]
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუგუტიანთკარში ღობეების აღმართვა განაახლეს [ფოტო]

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარში ღობეების აღმართვა განაახლეს. ამის შესახებ ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, ​11:15 საათისთვის გუგუტიანთკარში რუსი სამხედროები გამოჩნდნენ, რომლებმაც ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოები განაახლეს. ოკუპანტები პერიმეტრს რკინის კონსტრუქციებით ღობავენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ღობეების აღმართვა შეჩერებული იყო.

რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის რკინის ბოძები დაამონტაჟეს და ღობე გაავლეს. ღობის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ორი საცხოვრებელი სახლი.