გუდაურში დაშავებული ორსული პაციენტის მოსანახულებლად ჯანდაცვის მინისტრი კლინიკაში მივიდა
გუდაურში დაშავებული ორსული პაციენტის მოსანახულებლად ჯანდაცვის მინისტრი კლინიკაში მივიდა

გუდაურში დაშავებული შვედეთის მოქალაქის მოსანახულებლად „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

სერგეენკო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებს.

მედიქლაბ ჯორჯიას” სამედიცინო დირექტორის, გიორგი გოცაძის ინფორმაციით, ორსული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დამატებითი გამოკვლევების შემდეგ გადაწყვეტენ, გაწერონ თუ არა პაციენტი დღეს კლინიკიდან.

გუდაურში, 16 მარტს, საბაგიროს დაზიანების შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

სამედიცინო დაწესებულებებში რვა მათგანის გადაყვანა გახდა საჭირო, შვიდი პაციენტი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, ხოლო ერთი „მედიქლაბში“ გადაიყვანეს.

ღუდუშაურიდან უკვე გაწერეს ორი პაციენტი, ხოლო ხუთი მათგანი მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს, აქედან ერთს გუშინ ხერხემალზე ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად, რეანიმაციულ განყოფილებაშია.

დაშავებულებს შორის არიან რუსეთის, უკრაინის, შვედეთისა და საქართველოს მოქალაქეები.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროს დაზიანება მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია.

მომხდარზე შსს-მა გამოძიება დაიწყო.