„მარსელის“ ფორვარდი მეისონ გრინვუდი იამაიკის ნაკრებში თამაშს გეგმავს, – იტყობინება ბრიტანული პრესა.
22 წლის ფეხბურთელს, რომელიც ზაფხულში გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „მარსელში“, იამაიკური ფესვები გააჩნია. გრინვუდს ერთი მატჩი აქვს ჩატარებული ინგლისის ნაკრებში, მაგრამ ის ამხანაგური შეხვედრა იყო, ამიტომაც ფორვარდს შეუძლია სხვა ეროვნულ გუნდში თამაში. იამაიკის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე შეიტანა შესაბამისი დოკუმენტები ფიფა-ში.
გრინვუდისთვის პრაქტიკულად არარეალური იქნება ისევ ინგლისის ნაკრებში მოხვედრა მას შემდეგ, რაც მის გარშემო სკანდალი განვითარდა: ფეხბურთელი ოჯახურ ძალადობაში იყო ბრალდებული. ამ ინციდენტის შემდეგ გრინვუდის კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დასრულებული იყო.
შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს იამაიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს 63 წლის ინგლისელი სპეციალისტი სტივ მაკლარენი.