გრიგორ როდჩენკოვი - საბჭოთა კავშირმა 1984 წლის ოლიმპიადას ბოიკოტი იმის გამო გამოუცხადა, რომ აშშ-ში არ შეუშვეს გემი საიდუმლო დოპინგ-ლაბორატორიით
გრიგორ როდჩენკოვი - საბჭოთა კავშირმა 1984 წლის ოლიმპიადას ბოიკოტი იმის გამო გამოუცხადა, რომ აშშ-ში არ შეუშვეს გემი საიდუმლო დოპინგ-ლაბორატორიით

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილმა პრეზიდენტმა გრიგორ როდჩენკოვმა დაწერა წიგნი საბჭოთა კავშირსა და რუსეთში დოპინგის გამოყენების შესახებ.

ამ წიგნის ერთ-ერთ თავში როდჩენკოვი აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირმა ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა დოპინგთან დაკავშირებული საერთაშორისო სკანდალის თავიდან აცილების გამო.

„საბჭოთა კავშირი ხომალდზე საიდუმლოდ აპირებდა დოპინგ-ლაბორატორიის გამართვას და მის ლოს ანჯელესში ჩატანას. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გამოაცხადეს, რომ 1984 წლის თამაშებზე გამოააშკარავებდნენ ყველა პრეპარატს, მათ შორის სტანოზოლოლსა და ტესტოსტერონს.

საბჭოთა კავშირში გადაწყვიტეს, რომ არ არის საკმარისი სპორტსმენების შემოწმება გამგზავრების წინ. საბჭოთა სპორტის ხელმძღვანელებმა მოიფიქრეს, რომ მათ ლაბორატორია ესაჭიროებათ, რომლის წყალობითაც უზრუნველყოფდნენ იმას, რომ არც ერთი დოპინგში „გასვრილი“ საბჭოთა სპორტსმენი არ გავიდოდა სტარტზე.

მაგრამ ლოს ანჯელესში გემი არ შეუშვეს. ეს იყო ბოლო წვეთი. პოლიტბიუროში გადაწყვიტეს ოლიმპიადის სრულად ბოიკოტირება“, – მოჰყავს როდჩენკოვის წიგნიდან ფრაგმენტი გაზეთ „დეილი მეილს“.

როდჩენკოვი აგრეთვე ამტკიცებს, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობამ გემზე დოპინგ-ლაბორატორიის ამოქმედების გეგმა სეულში 1988 წლის ოლიმპიადაზე განახორციელა. ლაბორტორიას, რომელიც ხომალდ „მიხაილ შოლოხოვზე“ მდებარეობდა, თავად როდჩენკოვი ხელმძღვანელობდა.

გრიგორი როდჩენკოვი მართლაც იყო საბჭოთა დელეგაციის შემადგენლობაში სეულის ოლიმპიადაზე. 1988 წელს ის 30 წლის იყო.

წიგნს, სახელწოდებით „როდჩენკოვის საქმე“, აქვს ქვეთავი სახელწოდებით – „როგორ დავანგრიე პუტინის საიდუმლო დოპინგ-იმპერია“. ის გაყიდვაში 30 ივლისს გამოვა.