გრიგოლ ვაშაძე - ზალკალიანს უზარმაზარი გამოცდილება აქვს, ვიმედოვნებ, ეფექტური ელჩი იქნება, საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ეფექტურად მომუშავე საელჩო აშშ-ში
გრიგოლ ვაშაძე - ზალკალიანს უზარმაზარი გამოცდილება აქვს, ვიმედოვნებ, ეფექტური ელჩი იქნება, საქართველოს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ეფექტურად მომუშავე საელჩო აშშ-ში

დამოუკიდებელი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმედი აქვს, რომ დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეფექტური ელჩი იქნება.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს არ იცნობს. ვაშაძის განმარტებით, ილია დარჩიაშვილს დიპლომატიურ სამსახურში მის დროს არ უმუშავია.

„არის თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრისთვის ელჩობა დაქვეითება? – არავითარ შემთხვევაში, ამის უზარმაზარი პრაქტიკაა. რამდენიმე მაგალითიდან რომ ამოვირჩიო, ჩემი მეგობარი, ლატვიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარის რიეკსტინში ევროკავშირის წარმომადგენელი იყო, ისევე როგორც კარლ ჰარცელი საქართველოში. შემიძლია, ასეთი 15 მაგალითი მოგიყვანოთ. დავით ზალკალიანი საკადრო დიპლომატია, უზარმაზარი გამოცდილება აქვს. ოთხი წლის განმავლობაში, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შეგშურდებათ, ისეთი ხარისხის და რაოდენობის ინფორმაცია მისდიოდა. იმედი მაქვს, ეფექტური ელჩი იქნება ვაშინგტონში. მით უმეტეს, დღევანდელ საშინელ პერიოდში, როცა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მართლწესრიგი გაქრა. ასევე, როცა საერთაშორისო ურთიერთობებში ერთადერთი არგუმენტი ბირთული იარაღი გახდა, საქართველოს, როგორც არასოდეს, ისე სჭირდება ეფექტურად მომუშავე საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, ასეთ რთულ დროს რამდენად სწორია საგარეო მიმართულებით საკადრო ცვლილების განხორციელება, ვაშაძე პასუხობს: „ერთ კლასიკურ ნაწარმოებშია ნათქვამი – „ცა ანგელოზებს დავუტოვოთ, ჩვენ, როგორც მარქისტებმა, მიწაზე ვიმუშაოთ“. რაც მოხდა, მოხდა. კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში იყოს ნორმალური, ეფექტური, ტექნიკური და პროდასავლური მთავრობა, რომელიც ქვეყანას 2024 წლის არჩევნებამდე მიიყვანს“.

დავით ზალკალიანი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გააგრძელებს მუშაობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.

დატოვე კომენტარი