გრიგოლ ვაშაძე - სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით კანონპროექტი უგუნური, ერთუჯრედიანი ხალხის მომზადებულია
გრიგოლ ვაშაძე - სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით კანონპროექტი უგუნური, ერთუჯრედიანი ხალხის მომზადებულია

ვითომ ნორმალური, კეთილშობილური მისწრაფება საბოლოოდ ჩამოვიდა ისევ სულელურ გადაწყვეტილებამდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე კომენტირებისას განაცხადა.

„ქართულ ოცნებაზეა“ ნათქვამი ფრაზა – უნდოდათ უკეთესად და გამოუვიდათ როგორც ყოველთვის. იმიტომ, რომ ჯარს ყურადღება უნდა, ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამ ჯარს ყურადღებას არ აქცევს და გაგვიმრავლდა ცრუ რელიგიები, რომელიც ჯარისგან ათავისუფლებს ადამიანებს გაუგებარი მიზეზების გამო, ვითომ მღვდელმსახურები არიან, რაც დაცინვაა ჩვენი სახელმწიფოსი და შეიარაღებული ძალების, ეს ყველას გვესმის. მაგრამ თვითონ კანონპროექტი არის უგუნური, ერთუჯრედიანი ხალხის მომზადებული, რადგან არ შეიძლება ამის ასე ჩამოყალიბება. ვითომ ნორმალური, კეთილშობილური მისწრაფება საბოლოოდ ჩამოვიდა ისევ სულელურ გადაწყვეტილებამდე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, ყველა მოქალაქემ, ვისაც სამხედრო სავალდებულო სამსახური ეხება, მოიხადოს თავისი ვალი სახელმწიფოსა და შეიარაღებული ძალების წინაშე.

„არ არსებობს ევროპული, ევროპის კავშირის წევრი ქვეყანა, სადაც გაწვევითი არმია არის და ადამიანი როდესაც ამბობს, რომ თავისი რელიგიური კუთვნილებისა და მოსაზრების ან რწმენის გამო არ შეუძლია შეიარაღებულ ძალებში მსახური, ამაზე მარტივი პასუხი არის გაიარე ალტერნატიული სამსახური, მაგრამ რელიგიური მიზნით დისკრიმინაცია არის ყოვლად მიუღებელი“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. ამ შემთხვევაში, საუბარი არ ეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას. მისი თქმით, სამწუხარო რეალობა დადგა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია არასწორად და არასამართლიანად იყენებდა აღნიშნულ ნორმას, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნა.