გრიგოლ ვაშაძე - საერთაშორისო დამკვირვებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდეს
გრიგოლ ვაშაძე - საერთაშორისო დამკვირვებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები სტანდარტების დაცვით ჩატარდეს

საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მაქსიმალურად პატიოსნად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ საერთაშორისო დამკვირვებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ეს ძნელი განსახორციელებელია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ხალხმა ობიექტური ინფორმაცია მიიღოს, როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ, რამდენად არათანაბარი იყო პირობები, რამდენად არათანაბარი იყო დაფინანსება. როგორ არის ბიზნესი დაშინებული, რომ მხარი არ დაუჭიროს გაერთიანებულ ოპოზიციას. როგორ არიან მოქალაქეები დაშინებული, რომ თავისი აზრი არ გამოხატონ და რაც ყველაზე მთავარია, რამდენი ხანია, გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-დან ითხოვს ამომრჩევლების სიას. ამაზე დიდი აბსურდი, იმ აბსურდისტანში სადაც ვცხოვრობთ, არ გამიგია.

ცესკო უარს ეუბნება 11 პოლიტიკურ პარტიას, რომ მისცეს ამომრჩევლების სია. ეს არის ე.წ. ქართული ოცნებისა და ივანიშვილის საოცარი დემოკრატია, რომელიც ყვავის, იფურჩქნება და, რომელშიც სამწუხაროდ, გვიწევს ცხოვრება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, რომლებიც 28 ოქტომბრის ხმის მიცემის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს.

საერთაშორისო დელეგაციებთან კანდიდატების ინდივიდუალური შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.